არარეგულარული მენსტრუალური ციკლი

მენსტრუაცია დროულად არ დაიწყო და ნერვიულობთ? მოდით ერთად გადავხედოთ რას შეეძლო ამის გამოწვევა: 

სტრესი

ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია მენსტრუაციის დაგვიანების. სტრესი შესაძლოა იყოს როგორც ემოციური – ურთიერთობის პრობლემები, შფოთვა, უძილობა და ა.შ. ასევე ფიზიკური, მაგალითად: ქირურგიული ჩარევა, ვირუსული ინფექცია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები და ასე შემდეგ. როგორც ვიცით, მენსტრუალური ციკლის რეგულაციაში თავის ტვინი ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას ასრულებს – შესაბამისად ნებისმიერი სახის სტრესი, რომელიც ჰორმონალურ ცვლილებებს გამოიწვევს ორგანიზმში – მენსტრუაციის დაგვიანებით გამოიხატოს. 

წონის ცვლილება

წონაში სწრაფად კლება ორგანიზმს დიდ სტრესს უქმნის, ასევე წონაში სწრაფი მომატებაც ესტროგენისა და პროგესტერონის რაოდენობაზე ახდენს გავლენას და შესაძლოა არარეგულარული მენსტრუაციის მიზეზი გახდეს

ორსულობა

თუ თქვენ და თქვენი პარტნიორი დაორსულებას ცდილობთ და დაუცველი სქესობრივი კავშირი გქონდათ, მენსტრუაციის დაგვიანების მიზეზი შესაძლოა ორსულობა იყოს. შეგიძლიათ ორსულობის საშინაო ტესტი გაიკეთოთ ან ლაბორატორიაში ქორიონალური გონადოტროპინი განსაზღვროთ სისხლში. 

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური დარღვევები

ფარისებრი ჯირკვალი და მის მიერ გამომუშავებული ჰორმონები ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს მენსტრუალური ციკლის რეგულაციაში, ასე რომ არ გაგიკვირდეთ თუ გინეკოლოგთან გაიშვიათებული მენსტრუაციის ჩივილით მისული ენდოკრინოლოგთან აღმოჩნდებით და მიიღებთ შესაბამის დანიშნულებას.

სტატიის ბოლოს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ყველა ორგანიზმი განსხვავებულია და შესაბამისად მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობა და სიხშირე ყველასთვის განსხვავდება, თუ თქვენს სიმპტომებს და მენსტრუაციის დაგვიანებას საშიშად აღიქვამთ, აუცილებელია მიმართოთ გინეკოლოგს და მიიღოთ შესაბამისი რეკომენდაციები 

სარჩევი