რა არის ბარიერული კონტრაცეფცია?

თუ ფიქრობთ რომ დროა კონტრაცეფციის საშუალებების გამოყენება დაიწყოთ მაშინ ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა. 

თანამედროვე მედიცინა ფართო არჩევანს თავაზობს მომხარებლებს და ამიტომაც მნიშვნელოვანია იცოდეთ თითოეული მათგანის მოქმედების მექანიზმი, ხანგრძლივობა, ხელმისაწვდომობა, უკუჩვენებები და ასე შემდეგ

ამ სტატიაში ვისაუბრებთ ქალისა და კაცის ბარიერულ საშუალებებზე: დიაფრაგმასა და კონდომზე. 

კონდომი (პრეზერვატივი)

კონდომი (პრეზერვატივი), ყველაზე ფართოდ გამოყენებადი კონტრაცეფციის საშუალებაა რომელსაც ყველა სხვა მეთოდისგან განსხვავებით შეუძლია მომხმარებელი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისაგან დაიცვას (გონორეა, ქლამიდია და ასე შემდეგ). გარდა ამისა ის იაფია, მისი შეძენა ყველა მაღაზიასა და აფთიაქშია შესაძლებელი. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში დაორსულების შემთხვევები მინიმალურია. გამომდინარე იქედან რომ თითქმის ყველა კონდომი ლატექსისგან არის დამზადებული, თუ მომხმარებელს აღნიშნულ ნივთიერებაზე ალერგია გამოუვლინდება უმჯობესია სამომავლოდ სხვა მეთოდები განიხილოს.

იცოდით რომ ასევე არსებობს ქალებისთვის განკუთვნილი კონდომიც? დიახ, მისი გამოყენებითაც შესაძლებელია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისაგან დაცვა, თუმცა გამომდინარე იქედან რომ მისი სწორად მოთავსება რთულია, მარტივად ხელმისაწვდომი არ არის და კაცის კონდომისგან განსხვავებით უფრო ძვირი ღირს, იგი იშვიათად გამოიყენება.

დიაფრაგმა

ბარიერული მეთოდის ერთ-ერთი წარმომადგენელია დიაფრაგმა.  იგი სქესობრივ აქტამდე დაახლოებით 2 საათით ადრე უნდა მოთავსდეს საშოში და მთლიანად უნდა ფარავდეს საშვილოსნოს ყელს. რეკომენდებულია დიაფრაგმა გამოიყენოთ სპერმიციდებთან ერთად (ლინკი სპერმიციდების სტატიაზე) რათა მისი დაცულობის ხარისხმა მოიმატოს. დიაფრაგმის სწორად გამოყენებაც საკმაოდ რთულია და ქალის კონდომის მსგავსად ის მარტივად ხელმისაწვდომი არ არის. 

სარჩევი