5 მითი კონტრაცეფციის შესახებ

კონტრაცეფციის სხვადასხვა სახეობა უკვე წლებია აქტიურად გამოიყენება ოჯახის დაგეგმვისა და არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად. თუმცა, ამ პერიოდის განმავლობაში, კონტრაცეპტივების შესახებ უამრავი მითი გავრცელდა. ჩვენი დღევანდელი სტატიაც სწორედ ამ მითების განხილვას დაეთმობა.

მითი N1: მენსტრუალური გამონადენის დროს დაუცველი სქესობრივი კავშირის შემთხვევაში არ დაორსულდებით. 

სინამდვილეში: იშვიათ შემთხვევაში, ოვულაცია (ფოლიკულიდან კვერცხუჯრედის გამოთავისუფლება) შესაძლებელია იმაზე ადრე მოხდეს, ვიდრე ამას ელოდებით. გამომდინარე იქიდან, რომ სპერმატოზოიდების სიცოცხლის ხანგრძლივობა 5 დღემდეა, დაორსულების შანსი მაინც არსებობს.

მითი N2: შეწყვეტილი სქესობრივი კავშირი კონტრაცეფციის ეფექტური საშუალებაა. 

სინამდვილეში: ეს მეთოდი ეფექტურობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა – სპერმატოზოიდს, რომელიც კვერცხუჯრედის განაყოფიერებაზეა პასუხისმგებელი, შესაძლებელია პრეეაკულატიც (აქვე აგიხსნით რომ პრეეაკულატი გამჭირვალე სითხეა რომელსაც მამაკაცის სასქესო ორგანო გამოყოფს)  შეიცავდეს.

მითი N3: ლაქტაციის (ძუძუთი კვების) დროს, დაუცველი სქესობრივი კავშირის შემთხვევაში, დაორსულების რისკის არ არსებობს.

სინამდვილეში: ყველაზე ხშირად დაუგეგმავი ორსულობები სწორედ ამ პერიოდში ხდება. შეცდომაში არ შეგიყვანოთ მენსტრუალური გამონადენის არარსებობა – ძუძუთი კვების პერიოდში, ჰორმონალური ცვლილებების გამო, ოვულაცია შესაძლოა ისეთ დროს მოხდეს, როცა ამას არ ელოდებით.

მითი N4: საშვილოსნოსშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების გამოყენება (იგივე სპირალი) უშვილობას იწვევს.

სინამდვილეში: კონტრაცეფციის ამ მეთოდის გამოყენებისას, უშვილობის რისკი მხოლოდ იმ უიშვიათეს შემთხვევაში არსებობს, როდესაც ადგილი აქვს ტექნიკურ გართულებას. კვლევებით დამტკიცებულია, რომ სპირალი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა, ხოლო მისი ამოღების შემდეგ დაორსულებას მალევე შეძლებთ.

მითი N5: კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივის გამოყენება (კოკ) წონაში მატებას იწვევს. 

სინამდვილეში: ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და უსაფუძვლო მითია. კვლევების შედეგებით დადასტურებულია, რომ წონაში მატებას ამ პრეპარატებთან კავშირი არ აქვს და ის ორგანიზმში მიმდინარე სულ სხვა პროცესების გამო ხდება. 

სარჩევი